ნეირომარკეტინგი

ნეირომარკეტინგი

ჩვენი სიახლეები თარიღი: 2019-08-20 ავტორი: ციფრული აკადემია

მარკეტინგზე, გაყიდვებზე და რეკლამაზე საუბრისას სულ უფრო ხშირად ვხვდებით ტერმინს „ნეირომარკეტინგი“. რა არის ნეირომარკეტინგი და რამ გამოიწვია მისი პოპულარობის ასეთი ზრდა?

მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა და ციფრული მარკეტინგის ხელსაწყოების გამოყენება ისწავლა ბევრმა კომპანიამ, რამაც ბაზარზე კონკურენციის ზრდა გამოიწვია. ამასთან, მნიშვნელოვანი გახდა რეკლამის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია. კარგი მარკეტერის ამოცანა არის მინიმალური დანახარჯით უკეთესი შედეგის მიღწევა. ნეირომარკეტინგი არის საშუალება, რომელიც მარკეტერებს ეხმარება დაწინაურდნენ გაზრდილი კონკურენციის პირობებში და მიაღწიონ მიზანს ნაკლები დანახარჯებით.

სხვადასხვა წყაროში ვხვდებით ტერმინი - „ნეირომარკეტინგის“ სხვადახვაგვარ განმარტებას. ერთი მას განმარტავენ, როგორც მარკეტინგის სფეროს, რომელიც იყენებს სამედიცინო ტექნიკებს, რათა შეისწავლოს ადამიანის ტვინის რეაგირება მარკეტინგის სტიმულატორებზე. მეორენი მიიჩნევენ, რომ ნეორომარკეტინგი იკვლევს ტვინს, რათა განსაზღვროს მომხმარებლის ქვეცნობიერი მოტივაცია, ამა თუ იმ პროდუქტის შეძენისას. ასევე შეიძლება წავაწყდეთ განმარტებას, რომ ნეირომარკეტინგი არის თქვენი ვებ-გვერდის, კონტენტის, პროდუქტის შეფუთვის და სხვა მახასიათებლების იმგვარად აწყობა, რომ მათ ადამიანში გამოიწვიოს ემოციები, რომლებიც მას ამა თუ იმ პროდუქტისა და მომსახურების შეძენისკენ უბიძგებს.

როგორც არ უნდა იყოს ფაქტია, რომ ნეირომარკეტინგი დაკავშირებულია ფსიქოლოგიური, ქვეცნობიერი ფაქტორების კვლევასთან და გამოყენებასთან, რომლებიც ადამიანებს უბიძგებს მომსახურებისა და პროდუქციის შეძენისკენ. ნეირომარკეტინგი აერთიანებს ნეირომეცნიერებას, მარკეტინგს და ფსიქოლოგიას.

ტერმინი „ნეირომარკეტინგი“ პირველად გამოყენებული იქნა 2002 წელს, თუმცა მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ადამიანის თავის ტვინის კვლევას მარკეტინგის მიზნებისთვის უკვე საკმაო დრო ეთმობოდა.

ნეირომარკეტინგი ეყრდნობა კვლევის ორი ძირითად მეთოდს: ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და მეორე ელექტროენცეფალოგრაფია, ორივე მეთოდი აკვირდება ადამიანის ტვინის რეაგირებას აუდიო და ვიზუალურ მასალაზე. თუმცა არის ასევე კვლევის სხვა ნაკლებად რთული და უფრო დაბალბიუჯეტური ტექნიკებიც.

დიდი კომპანიები ნეირომარკეტინგის ზემოაღნიშნულ მეთოდებს იყენებენ საკუთარი პროდუქციის გასატესტად, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და რა თქმა უნდა მას ყველა ბიზნესი ვერ გამოიყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა კომპანია ვერ მისცემს საკუთარ თავს უფლებას განახორციელოს ნეირომარკეტინგული კვლევა, მარკეტერები იყენებენ უკვე განხორციელებული ნეირომარკეტინგული კვლევის შედეგებს, რომლებიც განხორციელდა სხვადასვა მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით სხვადასხვა სფეროში. ამ კვლევების შედეგებზე დაყრდნობა ძალიან მოსახერხებელია მარკეტერებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის, სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისას.